მიჭირს საუბარი, სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა - სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"ლელო-საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად მოინახულა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილი. სამადაშვილი კლინიკიდან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვიდა. 

მისი თქმით, დღეს გაავრცელებს შესაბამის მიმართვას ევროპარლამენტარებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი

"ძალიან მიჭირს საუბარი იმიტომ, რომ მართლა  სულისშემძვრელია ის ცვლილება, რაც ამ ადამიანს დაემართა ამ თვეების მანძილზე. ეს არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი, მე აუცილებლად ახლავე გავაკეთე განცხადებას და გავავრცელებ ევროპარლამენტის წევრებისთვის იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი დებატებია და განხილვა საქართველოს თემებზე და მათ უნდა იცოდნენ აუცილებლად ის  ვითარება, რაც არის შექმნილი დღეს სააკაშვილის სიცოცხლის გარშემო.

ერთი შეკითხვა მაქვს- თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? მაშინ გამოვიდნენ ევროსაბჭოდან, გააუქმონ ჩვენი მონაწილეობა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებში და აღადგინო სიკვდილით დასჯა" აცხადებს სამადაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დღეს კიდევ უფრო მეტად დამძიმებაზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმაც. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტს გონების კარგვის ეპიზოდები ჰქონდა

ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს მორიგი დებატები გაიმართება. საღამოს, სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იმსჯელებენ. ხვალ კი ევროპელი დეპუტატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეთავაზებულ შესწორებებს უყრიან კენჭს. საუბარია ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა და რომელშიც ოფიციალურად ჩაიწერა მთავარი პოლიტიკური მოთხოვნები - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება და ივანიშვილის გავლენების შემცირება. როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს "ქართული  ოცნება", სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად გაგრძელდება ქვეყნის  ევროინტეგრაციის პროცესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი