კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დღეს საუბრისას რამდენჯერმე გაითიშა.
რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სხდომას დისტანციურად ჩაერთოს და სასამართლოს მიმართოს.
"ძალიან მძიმე მდგომარეობა დამხვდა, ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. საუბრობდა მძიმედ, შესვენებებით, უჭირდა, ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც საუბრის დროს. სამი ოთხჯერ იყო ეგეთი ეპიზოდი, ჩემთან საუბრისას მიწვა რომ შევედი და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა.
რაც შეეხება ხვალინდელ პროცესზე, ხვალ, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს რომ ჩაერთოს, შეეცდება, რომ უთხრას რაღაც, თუ შეძლო, რა თქმა უნდა, თუმცა თუ ასეთ მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, ჩართვით ჩაერთვება", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძის ინფორმაციითვე, მოსამართლემ გამოსცა განკარგულება, რომ ხვალინდელ პროცესში მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად მონაწილეობა მიიღოს. ახლა ადვოკატები ითხოვენ სხდომათა დარბაზში დიდი მონიტორი განთავსდეს, რათა საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი იხილოს.
ხვალ, 14 დეკემბერს სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე იმსჯელებს.
შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები.
სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.