"ეს ცარიელი სკამები ნათლად მეტყველებს მათ მიდგომებზე სახელმწიფოს მიმართ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ პარლამენტის დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას.
ბრეგაძის სიტყვებით, ოპოზიციონერებმა სხდომა იმიტომ დატოვეს, რომ მათ "არაფერი აქვთ სათქმელი".
"მართლა პარადოქსია ზოგადად, როდესაც ეს ხალხი, რომელიც დარბაზიდან გარბის, იმიტომ რომ სათქმელიც კი არაფერი აქვთ და ვერაფერი აქვთ, გარდა უნიჭო, შეურაცხმყოფელი და წყევლა - კრულვით აღსავსე პერფორმანსებისა, სხვა სათქმელი არაფერი აქვთ და შესაბამისად გარბიან დარბაზიდან, თუ არა და დარწმუნებული ვარ მედიას შეუძლია აჩვენოს ცარიელი სკამები, ამ ძალით, ვაჟკაცი და ვითომ ქვეყნის მოყვარული ხალხისა, რომლებიც სინამდვილეში სწორედ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ", - თქვა რატი ბრეგაძემ, მინისტრის საათის მიმდინარეობისას.
ენმ-მ სხდომა პროტესტის ნიშნად რატი ბრეგაძის გამოსვლის დაწყებამდე დატოვა. მანამდე მინისტრს ოპოზიციონერები საპროტესტო პერფორმანსით დახვდნენ.