ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ, ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა.
ხაბეიშვილის თქმით, ის შეუერთდება ყველა აქციას, სადაც რუსი ოლიგარქის დასრულებაზე იქნება საუბარი.
"მე შევუერთდები ყველა აქციას, სადაც საუბარი იქნება რუსი ოლიგარქის დასრულებაზე. მე ვიქნები ყველა პროტესტის მონაწილე და მე ვიქნები ჩემ ქართველ ხალხთან ერთად თანამონაწილე რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხების. მე დარწმუნებული ვარ, დღეს ამ აზრზეა საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი და ამ პოლიციელების უმრავლესობას ერთი სული აქვს ოპოზიციასთან გადაიღოს ფოტო, რომ მერე წავიდეს მექსიკის გავლით ამერიკაში და მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი, ეს ადამიანები მონებად აქცია ივანიშვილმა, არცერთს უნდა ის რასაც აკეთებენ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
"ნუ მოკლავ პრეზიდენტს" - აქცია ამ სახელწოდებით ამ წუთებში მიმდინარეობს. მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძეა. აქცია ამ ლოზუნგით გუშინ, 17 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა.