22 ივლისს "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ისევ სასამართლო პროცესზე მისვლა მოუწევს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე მიდის იმ პირობებში, როდესაც 8 მარტის შეთანხმება სრულად ჯერ კიდევ არაა შესრულებული და გიორგი რურუა ისევ ციხეშია
"უჭკუო ადამიანის იაფფასიანი მცდელობა, რომ ჩემს მიმართ ახალი ტალღა ააგორონ. პირადად ჩემთან მიმართებაში პრობლემას ვერ ვხედავ. იურიდიულად შეუძლებელია ამ საქმის დამთავრება არჩევნებამდე. პრობლემა არის სხვა რამეში - ეს საქმე ავტომატურად ეწინააღმდეგება 8 მარტის შეთანხმებას...შანტაჟს და დაშინებას არ ვექვემდებარები" - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი
ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ოლიგარქი პოლიტიკური დევნის ახალ რაუნდს იწყებს. მათ დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამ ტიპის საქმეებს ოპონენტის გასაჩუმებლად იყენებს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ საქმეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მკაცრი შეფასებები მოჰყვება.
"ივანიშვილს ეშინია, აქვს შიშები და ეცდება იგივე ბერკეტები გამოიყენოს. ის, რაც მას სასტიკად აკრძალა დასავლეთმა კვლავ იმას ეპოტინება" - ამბობს "ენმ"-ს წევრი, მურთაზ ზოდელავა.
"თუ ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ამას მოჰყვება რეაქცია ადგილზე ქართული საზოგადოებისგან და მოჰყვება რეაქცია საქართველოს მეგობრებისგან" - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია
ამ განახლებული საქმით კიდევ ერთხელ გვეუბნება ბიძინა ივანიშვილი ყველა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება- ასე აფასებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე საქმის "გაცოცხლებას" და ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად არათუ შეწყდა პოლიტიკური დევნა, არამედ განახლდა.
ირაკლი ოქრიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის განახლებას და ოპოზიციის შეფასებებს პრემიერ მინისტრმა დღეს უსაფუძვლო უწოდა. გახარია ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე".
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეს უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.