მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, სამბისტმა ელენე ქებაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ ტურნირის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისას აეროპორტშიც კი არავინ დახვდა, მისივე თქმით, სამინისტრომ მილოცვის პოსტი წაშალა.
"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს ფეისბუქზე და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.
არა უშავს, მე ვაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!" - დაწერა სპორტსმენმა.
ამ კრიტიკულ პოსტზევე სამინისტრომ მას კომენტარში უპასუხა და გაახსენა დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფომ მისი წარმატებისთვის "გაიღო სახელმწიფოს სახელით":
"ეს მხარდაჭერა გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რას დაწერთ კიდევ (დაგვამადლეს, აეროპორტში არ მოვიდნენ და სხვა).
1. თქვენ ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარი გერიცხებათ სპორტის სამინისტროსგან;
2. მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლის შესაბამისი პრემია 17 ათასი ლარის ოდენობით ჩაგირიცხათ სწორედ სპორტის სამინისტრომ;
3. 5 156 ლარი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა სპორტის სამინისტრომ დაგიფინანსათ;
მოსამზადებელი შეკრებები, ეკიპირება და მრავალი სხვა ხარჯი ასევე სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. მომავალშიც დიდ წარმატებებს გისურვებთ!" - წერს კომენტარში სამინისტრო.