"ვაპირებთ, ავიღოთ სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშები" | "ვივა მედში" საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი მივიდა. ვასილ კაკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებას აპირებენ.

"იმის გათვალისწინებით, რომ უარი დაგვიფიქსირა კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის ნიმუშზე და გვითხრეს, რომ ფრჩხილის ნიმუშზეც და თმის ნიმუშზეც უნდა ექსპერტიზის ჩატარება, ჩვენ გუშინ კონსულტაციისთვის მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, გავიარეთ ეს საკითხი და ჩვენ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილისგან სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშის აღებას. ჩვენ ვართ ნიმუშების აღების მიზნით მოსული და უნდა ჩავატაროთ ეს საგამოძიებო მოქმედება, - თქვა ვასილ კაკაშვილმა.

ნიმუშებმა უნდა დაადგინოს, ნამდვილად მოწამლულია თუ არა მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბარია ამერიკელი ექსპერტებისა და ცენტრ ემპათიის დასკვნებში. უცხოელი ექსპერტების ტოქსიკოლოგიურ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა. 

სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე მიმართა მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობით. საქმეზე სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს სხდომას დისტანციურად დაესწროს.

საქმეს ასევე დართული აქვს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნაც. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულეს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. კონსილიუმის წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი. 

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი