მთელი დღეა ვისმენთ ცინიზმს, დაცინვას... აუცილებლად უნდა დაიღუპოს ადამიანი? - დავით სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიშა არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას, სადაც ის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა - "შევიდა ჯანმრთელი და დღეს დავინახეთ, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან სარისკო და საშიში" - ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, მძიმე მოსასმენია, როდესაც ხელისუფლება დღესაც ქილიკის რეჟიმში იყო:

"ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და განცდების თავზე თქვენთვის მოხვევა, მაგრამ მთელი დღეა ვისმენთ ცინიზმს, დაცინვას, ვითომ იმას, რომ გაუპარსავი და მოუწესრიგებელია. მინდა ვკითხო ხელისუფლებას, სად ვართ და საითკენ მივდივართ? გვინდა ნორმალური ქვეყანა, თუ მივდივართ ისევ წრეზე, რომ მოვსპოთ კიდევ ერთ პრეზიდენტი, გავანადგუროთ მიშა. არავის გინებას არ ვიკადრებ, მაგრამ ერთადერთს ვიტყვი - ღმერთმა ჩაგაგდოთ იმ მდგომარეობაში და იყოთ იმ განცდებში, რაშიც იმყოფება ახლა მიშა და მისი ოჯახი...

ადამიანი არის ცუდად, მისი ჯანმრთელობა არის საფრთხისშემცველი, აუცილებლად უნდა დაიღუპოს ადამიანი, თუ აუცილებლად მაშინ უნდა გადავიყვანოთ, როდესაც გადარჩენა შეუძლებელი იქნება? " ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. დაიკითხა ამერიკელი ექსპერტი დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს დემენციის ნიშნები აქვს და რომ ის, ქართულ ციხეში წამების მსხვერპლი გახდა.

პროცესზე დისტანციურად ჩართეს მიხეილ სააკაშვილი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებამ დღეს პირველად ნახა რა მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად. 

სასამართლო პროცესს მიხეილ  სააკაშვილი მხოლოდ მცირე ხნით ჩაერთო. ერთი საათის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და პროცესი უკვე მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა.

სასამართლო 29 დეკემბრისთვის გადაიდო
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი