ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში მყოფი უკანონო პატიმრების ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ და ამ ფორმით ცდილობენ შეახსენონ ხელისუფლებას, როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება ქვეყნის მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დროულად რეაგირებას მოითხოვენ. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქამდე არაფერი იციან. მისი მეუღლე ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ინფორმაციას, მთავრობის წარმომადეგენლების ნაცვლად, ჟურნალისტებისგან იგებენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან გააქტიურებულები არიან. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან ფიქსირდება ნიშნულები, შესაბამისად მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაცია. ქაცარავამ დღევანდელ აქციაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.
ჩვენი განცხადება უკავშირდება იმ შვიდ ტყვეს, რომელიც იმყოფება რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში,ე რთერთი ამ შვიდი ტყვიდან არის გენადი ბესტაევი, რომელიც 2019 წლის ნოემბრიდან დან ციხეში იმყოფება, მას მისჯილი აქვს ორწლიანი პატიმრობა და ამაზე არანაირი რეაგირება არ გაკეთებულა; და ოთხი ტყვე, რომლებიც ივლისში გაიტაცეს. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი ტყვეებისთვის, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება შემოიფარგლა სტანდარტული, მინიმალური, ფორმალური განცხადებებით, ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას და განვახორციელებთ ზეწოლას ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ იბრძოლოს მათთვის მინიმუმ ისე, როგორც ეს მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის და მაია ოთინაშვილის შემთხვევაში, - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი.
დღევანდელ აქციაზე იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ზაზა გახელაძის ოჯახს. მისი თქმით, ოკუპანტების პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება საზოგადოების ყველა წევრის მიზანი უნდა იყოს.
აქციის მიზანია, შეახსენოს ამ ადამიანების მძიმე ყოფა ხელისუფლებას, მოსთხოვოს მას გააქტიურება საერთაშორისო დონეზე, ასევე, საზოგადოებას მოუწოდოს გაერთიანებისკენ, როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში, რომელიც თავად იქნება აქციის მონაწილე.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგეგმილია მსვლელობა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება საქართველოს შვიდი მოქალაქე. აქედან ექვსი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიტაცეს, ბოლო გატაცებული ზაზა გახელაძე კი ფეხში დაჭრეს.
ტატო ზარქუას, ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ და მათე ლამანძიებს, ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის.