საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ელჩების კონფერენციაზე ზურაბიშვილს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს.
უწყების ცნობით, პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი მსოფლიოში აღიარებულია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ეს განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა.
"ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.
მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.
პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ელჩების კონფერენცია პრეზიდენტის გარეშე - სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელ ღონისძიებას არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.