თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებსა და სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს.
პარტია წერს, რომ "დაუშვებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყოს წარდგენილი". ამ მიზნის მისაღწევად კი "ლელომ" საკუთარი ინიციატივაც დაასახელა.
განცხადება სრულად:
თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში მიმდინარე ვნებათაღელვა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, საქართველოს უძველეს უნივერსიტეტს არცერთი დღის განმავლობაში არ ჰქონია რეალური დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის პოლიტიკურად განკარგვის საბჭოური ტრადიცია საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც გაგრძელდა. საქართველოს არცერთ მთავრობას არ აღმოაჩნდა სწორი პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ ფუნდამენტური რეფორმა გაეტარებინა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკური გავლენებისგან გაეთავისუფლებინა.
სწორედ ამის შედეგია უნივერსიტეტში თავისუფლების კულტურის სრული დაკნინება, რაც დღეს გამოხატულია რექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატის არსებობაში. მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყოს წარდგენილი. ეს სრულ შეუსაბამობაშია თანამედროვე მსოფლიოს ნორმებსა და სტანდარტებთან, თავისუფალი შეჯიბრებითობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციებთან.
„ლელო საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესურის საერთო კუთვნილება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სტუდენტებისა და პროფესურის მაქსიმალურად გაძლიერება იმისათვის, რომ მათ ერთობლილვად შეძლონ საუკეთესო ტრადიციებზე დამყარებული თანამედროვე მსოფლიო დონის უნივერსიტეტის შექმნა.
ამ მიზნის მისაღწევად, „ლელოს“ ხედვით, დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს სისტემური რეფორმა იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას:
1. სრული ავტონომია, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური გავლენებისაგან სრულად გათავისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განდევნა უნივერსიტეტის წიაღიდან.
2. ეფექტური, მიზნობრივი და გამჭვირვალე დაფინანსების სისტემის შექმნა, რომელიც იქნება მორგებული სტუდენტებისა და აკადემიური პროცესის ხარისხის განვითარების ამოცანაზე.
3. აკადემიური რეფორმის გატარება საგანმანათლებლო პროცესის შემდგომი დახვეწის მიზნით, - წერია პარტიის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: