ზონდერები კორცხელიდან და ბორკილები კალაძისთვის - დედაქალაქის მერი ყოველწლიური ანგარიშით საკრებულოში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარსდგა.
საგანგებოდ მერის მხარდასაჭერად მობილიზებულ პარტაქტივში ოპოზიციამ მალევე ამოიცნო გიორგი იანტბელიძე, რომელიც თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელია და მათი თქმით, ის კორცხელის ინციდენტში ფიგურირებს. ოპოზიციის ინფორმაციითვე, იანტბელიძე მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, გლდანში მომხდარ ინციდენტშიც, სადაც იარაღი ფიგურირებს.
ამ ფაქტს მოჰყვა პირველი დაპირისპირება დარბაზში.
"როგორც მოქალაქე, განცხადება შევავსე და შემოვედი რა პრობლემაა, მიხედეთ რა" - ამბობს თავად იანტბელიძე ჟურნალისტების პასუხად, როგორ და რატომ მოხვდა საკრებულოში.
ოპოზიციამ დღეს კალაძეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კორუფცია კლავს და მერს ბორკილები გადასცა. რასაც ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა.