
ვივა მედის ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებს ვერ იღებს.
"ჩივილი არის "ვერ ვიღებ საკვებს". არ უთქვამს საკვებს არ ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცას ვაპროტესტებ. პაციენტი წარმოადგენს ჩივილს და მეც ვახმოვანებ მის ჩივილს", - აღნიშნა ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ ადვოკატის შეკითხვის პასუხად, მიხეილ სააკაშვილი საკვებს "არ ჭამს თუ ვერ ჭამს".
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობის განხილვაზე ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის შემდეგ, ვივა მედის ექიმი, თამარ აბაშიძე გამოკითხეს. მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის, რატომ აქვს მიხეილ სააკაშვილს მუდმივად მაღალი ტემპერატურა:
"ტემპერატურას ტალღისებური ხასიათი აქვს, 38 გრადუსი და 38 გრადუსზე მეტიც ჰქონია. ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის. ამიტომ პროცესში ჩაერთნენ ფთიზიატრები. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ცენტრალური მიზეზით წარმოშობილი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც არის ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები“, - აღნიშნა თამარ აბაშიძემ.
ექიმის თქმითვე, ბოლო ორი თვის განმავლობაში თვალშისაცემია წონის უარყოფითი დინამიკა:
„შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მთავარი ჩივილი იყო საკვების მიღების შეუძლებლობა. თითოეული ლუკმის მიღება იყო დიდი ძალისხმევის შედეგი. მისგანაც იყო სურვილი საკვების მიღება დაეწყო. დაახლოებით თვენახევრის შემდეგ შეძლო საკვების მიღება. შემდგომ, საკვების მიღების გაძნელება ისევ დაიწყო. ამას დაერთო მკვეთრად გამოხატული ემოციური ფონი. მკვეთრად გამოხატული შფოთვა, მოუსვენრობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკაც გაუარესებულია. ვფიქრობ, საკვების მიღების ასეთი ფორმატი დაკავშირებულია წონის კლებასთან“, - განაცხადა თამარ აბაშიძემ.
იხილეთ ასევე: