საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით შეგროვებული ათასობით ხელმოწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანა.
პეტიციას ხელს აწერენ, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე საქართველოში მცხოვრები ადამიანები, ასევე ემიგრანტები და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, პეტიციის ხელმომწერები ერთმა იდეამ გააერთიანა და ეს იდეა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შენარჩუნებაა.
„ქალბატონო სალომე, მოგმართავთ საქართველოს ათასობით მოქალაქის სახელით. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან. მოგმართავთ რუსეთთან წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების სახელით, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ვალია ბებოს სახელით და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული გმირის, დავით რატიანის დედის სახელით. მოგმართავთ ათასობით ემიგრანტის სახელით, რომლებიც აუცილებლად ძალიან მალე დაბრუნდებიან უკეთეს საქართველოში, მოგმართავთ ქართველი ძალიან ბევრი ექიმის სახელით, ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების სახელით, მოგმართავთ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანის სახელით, რომლებიც საერთო მიზანმა გაგვაერთიანა. ეს მიზანი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, საქართველოს მომავლისა და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივის შენარჩუნებაა“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტიციისთვის ხელმოწერებს 2 კვირის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დაწყებული კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აგროვებდა.