საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ გლობალურ აქციას ექიმებიც უერთდებიან. ისინი ხვალ, 4 იანვარს 12 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
"ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ ექიმებს ეხება და ყველაზე კომპეტენტურები ამ შემთხვევაში ექიმები არიან. ჩვენ გვინდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ მას ძალიან ცოტა დრო დარჩა, სასიცოცხლო რესურსი ეწურება და დუმილი დანაშაულია, დუმილი კლავს. ზოგჯერ ევროპარლამენტარები, ზოგჯერ თვითონ ევროპის ქვეყნების ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ თუ სააკაშვილი მოკვდება ციხეში, ამ შემთხვევაში თქვენ ვერასდროს ვერ ეღირსებით ევროპულ ცივილიზაციას. აქედან გამომდინარე ეს არის ეროვნული ინტერესი ქვეყნის, რომ ის იყოს გათავისუფლებული ან გადავადებული სასჯელისგან. ამდენად მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას, იქნება ეს სასამართლო, თუ საქართველოს რეზიდენტი მოუწევს გათავისუფლება მიხეილ სააკაშვილის, ან სასჯელის გადავადება მისის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად", - თქვა ექიმმა, ჰეპათოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მანანა ჯაბაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 იანვრის გლობალური აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.