
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, სამწლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ კონგთან საზღვაო და სახმელეთო გზები გახსნა და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლაც გააუქმა.
8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც განაახლა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვა ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთხელ გამოცხადდა ლოკდაუნი, მოქალაქეებს ასევე მოეთხოვებოდათ, ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კარანტინი შესაბამის დაწესებულებაში. შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.
ჩინეთის მთავრობამ შეზღუდვები მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ შეამსუბუქა. საპროტესტო აქციები კი ურუმაქში მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა, გამოიწვია, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეების თქმით, შენობაში მყოფმა პირებმა შენობა დროულად ნაწილობრივი
ლოკდაუნის გამო ვერ დატოვეს. მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფდა.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთში ვრცელდებოდა ცნობები საავადმყოფოებსა და კრემატორიუმებში გადატვირთვის შესახებ, თუმცა ინფიცირებულთა რიცხვის მატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქვეყანამ შეწყვიტა ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის გამოქვეყნება.