მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის "ბუკ"-ის სისტემების გადაცემაზე უარს ეხმაურება. მისი თქმით, "ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში".
"სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!
პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.
ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება - ეს განცხადება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნაში ასევე შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე.
კასიანოვის განცხადებას დღეს, 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და ინფორმაციას ტყუილი უწოდა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო მრავალმილიონიანი შესყიდვით.