უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, რომ დროს მიიღო. ამ თემაზე ის უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

"უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ, იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების მოთხოვნაში და ასევე ღიად აცხადებდა იარაღის სასიცოცხლო აუცილებლობაზე რუსეთის ფედერაციის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისშივე. კერძოდ, კიევმა ითხოვა ბუკის კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა", - აღნიშნულია კასიანოვის სტატიაში. 

კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნაში ასევე შედიოდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები - "ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ შეთანხმება აშშ-დან, არამედ წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ".

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენებას და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმის მცდელობის შესახებ", - აღნიშნავს კასიანოვი.

მისი თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანმა აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ "საერთო მტერს, რომელმაც თავხედურად დაიპყრო როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენული ტერიტორიები", უნდა დაუპირისპირონ სოლიდარობა, ერთიანობა და ყველა უთანხმოება გადაიდოს გამარჯვებამდე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი