
მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა ჯარიმის ქვითრები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მიიტანეს და გააკრეს. ისინი ამბობენ, რომ ჯარიმა სწორედ ივანიშვილმა უნდა გადაიხადოს, ვინაიდან ხელისუფლებაში მან მოიყვანა გია ვოლსკიც, დავით სერგეენკოც და სოზარ სუბარიც.
დღეს პოლიციამ გვითხრა, რომ გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სერგეენკო არიან ნაგვები და ამის გამო დაგვიწერა ჯარიმა. ამ ჯარიმას დავუტოვებთ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ეს ნაგავი თავდა მოიყვანა ხელისუფლებაში და მანვე გადაიხადოს ჯარიმა, - ამბობს "შეცვალეს" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი.
"ტრიუკი 20/20" - ამ სახელწოდების აქცია "შეცვალემ" ივანიშვილის სახლთან ცოტა ხნის წინ გამართა. სამოქალაქო აქტივისტებმა "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების ფოტოები მიიტანეს, მიწაზე გააკრეს და ამ ფორმით ამომრჩევლებს მათი საქმიანობა შეახსენეს.
სწორედ ამ აქციის გამო დააჯარიმეს ახალგაზრდები სამართალდამცველებმა გარემოს დაბინძურების მოტივით, რაც მაჟორიტარების სურათების გაკვრაში გამოიხატა.