
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ დონეცკის ოლქში სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება, მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებისა, რომ ქალაქი დაიკავეს.
"ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა დონეცკის ოლქის სპირნოიე, ბელოგოროვკა, რაზდოლოვკა, იაკოვლევკა, სოლედარი, კრასნაია გორა, ბახუტი, კლეშეევკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა და სევერნოე. ბრძოლები სოლედარისთვის გრძელდება." ნათქვამია გენშტაბის შეტყობინებაში.
მათივე მონაცემებით, დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა 9 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების კონცენტრაციის ზონებს და სამეთაურო პუნქტს, ასევე ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ექვს უბანსა და
მტრის საბრძოლო მასალის საწყობებს.
რუსებმა კი დღის განმავლობაში 2 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე 8 საჰაერო დარტყმა უკრაინული ჯარების პოზიციებზე. მათ 40-ზე მეტჯერ გაისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
უკრაინის ქალაქ სოლედარში მიმდინარე ბრძოლების შესახებ მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ დასახლება მთლიანად დაიკავა და უკრაინული ძალები განდევნა, თუმცა უკრაინელები ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.