პარლამენტის დეპუტატი და მოძრაობა "ხალხის ძალის" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ყვარელში პრორუსული ორგანიზაცია ალტ-ინფოს წევრების შეკრებასა და ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩაშლას ამართლებს.
მაჭარაშვილის თქმით, ვინც "შეურაცხყოფს იმ წმინდანებს, მეფეებსა და ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებს იმ პასუხს, რაც ბერძენიშვილმა მიიღო".
"თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ კიდე გინდა, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი. თუ ბერძენიშვილი კერძოდ მივა სადმე და ოჯახში რაღაცას იტყვის, იქ რაც უნდა ის ისაუბროს და რაზეც უნდა ისაუბროს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს, მათ შორის, კანონიერ ჩარჩოებში", - თქვა გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, 15 იანვარს ალტ-ინფოს წევრებმა და მხარდამჭერებმა ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე შეკრებილი პრორუსული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ერეკლე მეორის შვილიშვილები იყვნენ და ბერძენიშვილი იქ "ფეხს ვერ დაადგამდა". ბერძენიშვილის თქმით, შეკრება ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.