პუტინის ბარბაროსობის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია - ოკუპანტების საჰაერო იერიშს უკრაინაში მებრძოლი ზაქარია ნონიაშვილის ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ორი ქალი და ერთი მოზარდი დნიპროში იმ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა, რომელიც ოკუპანტებმა სამი დღის წინ დაბომბეს.
ერთ-ერთი დაღუპული 19 წლის ლიანა ნონიაშვილია და მისი ცხედარი უკვე ამოცნობილია. ხოლო მისი დედის და ბებიის ცხედრების ამოცნობისთვის, დნმ-ს შედეგებს ელოდებიან.
ტატიანა და მისი მეუღლე, ზაქარია ნონიაშვილი ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდნენ, ომის დაწყების შემდეგ კი, ჩაეწერნენ უკრაინის თავდაცვის ძალებში უკრაინის დასაცავად.
გავრცელებული ინფორმაციით, ტატიანა ნონიაშვილი აზოვსტალშიც იმყოფებოდა და მოგვიანებით, სხვებთან ერთად ტყვედ ჩაბარდა, თუმცა ნოემბერში, უკრაინასა და რუსეთს შორის, ტყვეების გაცვლისას გაათავისუფლეს.
ბოლო მონაცემებით, დნიპროში რუსულ სარაკეტო იერიშს 44 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი