
ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები დაუწესდა ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.
გარდა ამისა ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი "ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს. ასევე დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია "ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატებიც".
კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი გამოქვეყნდა და ძალაში 16 დეკემბერს შევიდა.
გარდა ამისა, გადაწყდა ევროპაში მაუწყებლობის ლიცენზიების გაუქმება ოთხი რუსული ტელეარხისთვის - Channel One, REN TV, NTV Mir და Rossii 1.
ასევე 100-ზე მეტი რუსი ევროკავშირის პირადი სანქციების ქვეშ მოექცა, მათ შორის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, რამდენიმე ფედერალური მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები.