
"მექანიკური შეცდომა", რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გარემოებებს რადიკალურად ცვლის. ცხედრის პირველადი ექსპერტიზის დროს გაკეთებული ჩანაწერი კითხვებს აჩენს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტ დროსთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე კი ამბობს, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო. "მთავარი" მეორე დღეა გეჯაძისგან ამ თემაზე კომენტარის მოპოვებას ცდილობს.
"ემპათიას" ხელძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ამ დასკვნაზე შეფასება არა გეჯაძეს, არამედ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა გაეკეთებინათ.
ეს კომენტარი სრულიად აცდენილია ყოველნაირ იურიდიულ ჩარჩოებს, თუკი არის რაიმე ფორმალური ხასიათის შეცდომა, ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდგომში პროკურატურამ. თუკი ასეთი შეცდომებით იყო ასეთი გახმაურებული საქმის დასკვნა, ახსნა-განმარტება თვითონ დასკვნაში უნდა გაკეთებულიყო ამის თაობაზე, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
პარალელურად, საქმის მთავარი მოწმეების მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შუამდგომლობით, სასამარათლოს დაკავებული სპორტსმენების ადვოკატები მიმართავენ და იმ 5 პირის განმეორებით გამოკითხვას მოითხოვენ, ვინც ნარეკვავიდან, გიორგი შაქარაშილთან ერთად წამოვიდა.
დაკავებული მორაგბეების ადვოკატები მოწმეების მაგისტრი მოსამართის თანდასწრებით გამოკითხვის მოთხოვნას საქალაქო სასამართლოში დღეს, 21 ივლისს წარადგენენ. ადვოკატების თქმით, მათ ამ მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები დარჩათ და ეჭვი აქვთ, რომ მოწმეები მნიშვნელოვან გარემოებებს მალავენ საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს ადვოკატების შუამდგომლობის განსახილველად 24 საათი აქვს.
ეს ხუთი მოწმე არიან გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი, იაკობ ბრეგვაძე, ბესო ქათამაძე და კოკო ღიბრაძე. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანები ნარეკვავის აგარაკიდან გიორგი შაქარაშვილთან ერთად წამოვიდნენ. ადვოკატების თქმთ, ვინაიდან ამ მოწმეებს ჩვენებები უკვე მიცემული აქვთ, ისინი ვალდებული არიან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოცხადდნენ და თუ არ გამოცხადდებიან, მათ იძულებით მიიყვანენ.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.