
დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებას, რომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერებისას დაწერილ დასკვნასა და საბოლოო დასკვნას შორის სხვაობა მექანიკური შეცდომაა, "ემპათიას" ხელმძღვანელი ეხმაურება. მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, თუ ეს სიმართლეა, მაშინ ფაქტზე განმარტება არა გეჯაძეს, არამედ უწყებას უნდა გაეკეთებინა.
ეს კომენტარი სრულიად აცდენილია ყოველნაირ იურიდიულ ჩარჩოებს, თუკი არის რაიმე ფორმალური ხასიათის შეცდომა, ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდგომში პროკურატურამ. თუკი ასეთი შეცდომებით იყო ასეთი გახმაურებული საქმის დასკვნა, ახსნა-განმარტება თვითონ დასკვნაში უნდა გაკეთებულიყო ამის თაობაზე, - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ გაურკევევლია რა მოხდება მაშინ, თუ ექსპერტთა სხვა ჯგუფი აღნიშნული სხვაობის შესახებ ხმას არ ამოიღებდა.
ალექსანდრე გეჯაძემ განმარტება, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნასა და პირველად დათვალიერებას შორის არსებული სხვაობა მექანიკური შეცდომა იყო, გუშინ, 20 ივლისს "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა.
გიორგი შაქარაშვილი მდინარეში გადაგდების დროს მაქსიმუმ 48 საათის გარდაცვლილი იყო - საქმის საეჭვო ახალ გარემოებებზე უკრაინელმა კრიმინალისტმა ნიკა გვარამიას "მთვარ აქცენტებში" ისაუბრა. გალინა კარმოშინა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში ორ დღეზე მეტხანს ვერ იქნებოდა, რადგან არ იყო დაწყებული სხეულის ხრწნა, მისი ვარაუდით, ფეხბურთელი ორი დღე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოცხალი იყო. მისივე თქმით, სიცოცხლის დროინდელი ტრავმები ფეხბურთელისთვის იყო უმძიმესი, სავარაუდოდ ფუძის მოტეხილობით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შაქარაშვილი წყალში გადააგდეს არა იმავე ღამეს, არამედ მომხდარიდან რამდენიმე დღეში.
გალინა კარმოშინა ასევე აცხადებს, რომ ცხედარს აღენიშნებოდა გარკვეული მანიპულაციები, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს. ანუ ცხედარი პოვნამდეც იყო რამდენიმე საათი მდინარეში.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის უცხოელი კრიმინალისტების შეფასებაზე განმარტებები საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ გაკეთებულა.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
აღნიშნული დასკვნა ოჯახის მიერ დაქირავებულმა სამედიცინო ექსპერტმა თითქმის ბოლომდე გაიზიარა. ალექსანდრე გეჯაძე იმაშიც დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.
შიანაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.