ცოტა ხნის წინ, ყოფილ ცოლს მოსაკლავად გაეკიდა, მეზობლებმა გადაარჩინეს ის გოგო - ადგილობრივი საგარეჯოში თავდამსხმელზე

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ცოტა ხნის წინ გადაიღო ავტოფარეხი, სადაც, სავარაუდოდ, საგარეჯოში თავდამსხმელი იარაღს ინახავდა. ფარეხი ამ მომენტისთვის დალუქულია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. 

მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევამდე თავდამსხმელმა იარაღი ფარეხიდან წაიღო. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. 

ადგილობრივების თქმით, თავდამსხმელს კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ ცოლთანაც. ისინი მას ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

"ორი კვირის წინ ცოლი გააგდო აქედან, ამ ბინიდან. გინდა ეჩხუბებოდა, სცემდა, რამეს ეტყოდა, აკადრებდა, ცოტა ხნის წინ უდევნია პისტოლეტით, თუ რაღაცით, მოსაკლავად და მეზობლებმა გადაარჩინეს ის გოგო", - ამბობს მეზობელი. 

თავდასხმის ადგილას ამ დრომდე რჩებიან პოლიციელები.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა". 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი