
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ - დღეს ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.
ამ დრომდე უცნობია, ვის წაუყენებენ ბრალს 19 წლის ფეხბურთელის განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით და არის თუ არა საქმის ახალ ტომებში ისეთი მტკიცებულებები, რაც საქმეზე უკვე დაკავებულებს ბრალს დაუმძიმებს.
ადვოკატები საქმის მთავარი მოწმეების მაგისტრი მოსამართლეების თანდასწრებით გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.
შსს-ში სამი უფლებადამცველია მისული, ესენი არიან ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძის და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები. ისინი აცხადებენ, რომ საქმეში სულ 21 ტომია და თითოეულ მათგანს სხვადასხვა მასალები სჭირდებათ დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად.
ადვოკატები ადასტურებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სამივე პირი ჩხუბის პირველ ეპიზოდში მონაწილეობდა და უშუალოდ შაქარაშვილთან დაპირისპირების მომენტში ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ, შესაბიმისად, პროკურატურას მათ წინააღმდეგ ბრალის 109-ე მუხლის წაყენების საფუძველი არ აქვს. დაცვის სამომავლო სტრატეგიაზე კი ადვოკატები მხოლოდ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ისაუბრებენ.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.