ვემზადები შესაძლო გადაწყვეტილებისთვის, რომ Leopard-ები გავგზავნოთ უკრაინაში - პისტორიუსი

გამოქვეყნდა:

"მე ვემზადები, შესაძლო გადაწყვეტილებისთვის, რომ ლეოპარდის ტანკები გავგზავნოთ უკრაინაში და ევროპისა და ნატოს სხვა პარტნიორებსაც უფლება მივცეთ გააკეთონ იგივე", - ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც პისტორიუსმა განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ლეოპარდის ტანკების გადაცემის თემას პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განიხილავს და მათ გაგზავნა შესაძლოა რამდენიმე დღეშიც მოხდეს.

იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ გერმანია დადებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

მისი თქმით, ქვეყნები, რომლებსაც ლეოპარდის ტიპის ტანკები ჰყავთ, მისი უკრაინაში გასაგზავნად უნდა მოემზადონ.

"უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გერმანიის ხელისუფლება გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს. ქვეყნებს რომლებსაც ლეოპარდის ტიპის ტანკები ჰყავთ, ამ ტექნიკის უკრაინაში გასაგზავნად უნდა მოემზადონ. ეს არის ნაწილი იმ აუცილებელი დახმარებისა რომელიც უკრაინას უნდა გავუწიოთ. როგორც რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრისას, მის გარეთაც ამ საკითხზე პარტნიორები აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები გერმანიისგან უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ლეოპარდის ტიპის ტანკების გადაცემას ითხოვენ, თუმცა გერმანიამ საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე ვერ მიიღო.

საბრძოლო ტანკების გადაცემის საკითხი 20 იანვარს რამშტაინის შეხვედრაზეც იყო განხილული. მაშინ უკრაინის მოკავშირეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. 

დღეს კი პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად მიმართა Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი