როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ისჯება მკაცრად - კობახიძე ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე კმაყოფილია ენმ-ში მიმდინარე პროცესებით და ამბობს, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ამ პარტიას დაასუსტებს და ქართულ პოლიტიკაში "რადიკალიზმი შემცირდება". 

"ძალიან კარგი პროცესები წარიმართება "ნაცმოძრაობის" შიგნით და ამ პროცესების საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება "ნაცმოძრაობის" შემდგომი დასუსტება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და გაძლიერდეს ქართული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში კარგი შედეგით დასრულდება ეს გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნაცმოძრაობაში, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის" - თქვა კობახიძემ

ნაჩუქარ მანქანასთან დაკავშირებით კი კობახიძის თქმით, ეს პარტიის არალეგალური  დაფინანსებაა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

"რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს ეს არის რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ თუ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს," - ამბობს კობახიძე  

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას. 

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე კი აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი