ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ოქტომბრის არჩევნებზე, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლოს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
კინზინგერის თქმით, ვინაიდან ის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეა, იგი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული ტროლებისა და ბოტების გააქტიურება შემაშფოთებელია. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება აუცილებელია.
ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ოქტომბრის არჩევნებზე, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლოს. რა განცხადებაც არ უნდა გავაკეთო, ყველა მხრიდან ხდება ინტერპრეტაციის საგანი. ამიტომაც ძალიან ვფრთხილობ. ახლა მთავარია ხალხი მივიდეს არჩევნებზე და მე დაინტერესებული ვარ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და რომ ხალხის ნება აღსრულდეს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები გაგრძელდეს, რადგან შეერთებული შტატებისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია, - განმარტავს კონგრესმენი.
რაც შეეხება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ით შემცირების შესაძლებლობას, კონგრესმენის აზრით, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ს კრიტიკა გაითვალისწინოს, რათა არსებულ გამოწვევებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.
იგივე გამოწვევები გვაქვს ამერიკაში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათ ჰქონდეთ მეტი თავისუფელბა, ყველამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და ყველას ჰქონდეს მთავრობაში თავის წილი, - ამბობს კინზინგერი.