
უკრაინის აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის სპიკერის სერგეი ჩერევატის ინფორმაციით უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს:
„პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება" ამბობს ჩერევატი.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა.
ჩერევატიმ AFP-სთან მიცემულ ინტერვიუში არ გაამხილა,თუ როდის გამოვიდნენ უკრაინული ჯარები სოლედარიდან, მაგრამ თქვა, რომ მანევრი წინასწარ იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
რუსეთის განცხადებამდე სოლედართან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს მაინც, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ გამოიწვევს ოკუპანტების მხრიდან, ბახმუტის გარდაუვალად ალყაში მოქცევას.