სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები კასპის რაიონში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
ირაკლი ანთაძემ და ლია გიგაურმა ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული გახელაძის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციასა და 30 ივლისს ჩანიშნულ შეხვედრის დეტალები გააცნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 ივლისიდან აღდგება ერგნეთის შეხვედრები და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები პირველივე შეხვედრაზე მწვავედ დააყენებენ უკანონო ტყვეების გათავისუფლების საკითხს.
მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდა და შეხვედრა ჩანიშნულია, - ამბობს ლია გიგაური.
ირაკლი ანთაძის თქმით, უკანონოდ დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
სწორედ ერგნეთის შეხვედრაზე გადაწყდება დარჩებიან თუ არა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში.