საქართველოს მოქალაქეები რუსი ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში

გამოქვეყნდა:

საქართველოს შვიდი მოქალაქე ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. მათგან ექვსი ბოლო თვეში, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

ცოტა ხნის წინ გატაცებულ ზაზა გახელაძეს ისეთი ბრალი წაუყენეს, რომ შესაძლოა, 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ.

რუსეთი რომ ყველანაირ საერთაშორისო, კანონმდებლობით თუ გონივრულ ნორმებს რომ არღვევს, ეს არავის უკვირს. ბრალდებებიც შესაბამისია: თურმე სოკოს საკრეფად წასული ერთი ადამიანი იარაღით უპირისპირდება რუს სამხედროებს; მეორე კი თბილისში ღამურების ჭუპრების საძებნად და თბილისში წამოსაღებად დადის და ასე აწუხებს ოკუპანტებს.

ამერიკის საელჩო მკაცრი განცხადებით მოითხოვს რუსეთის მიერ მართული ძალებისგან უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. გატაცებულთა ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან აქტიურ და ეფექტიან მოქმედებას მოითხოვენ. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მათ საპროტესტო აქციაც გამართეს.

ფეხით იქნება თუ მანქანით, შუაგულ ქართლში, თუკი სხვილოს ციხისკენ მიმავალ აღმართს აუყვები,მერე  გადაჭრით ვეღარაფრით იტყვი, დაბრუნდები თუ არა შინ. არა იმიტომ, რომ აქ გზა უკიდურესად სახიფათო ან გაუვალია, არც იმიტომ, რომ მიმდებარე ტყეებში ნადირი ბინადრობს, არა, უბრალოდ, არასდორს იცი, შენს სამშობლოში, შენივე წინაპრების მიწაზე, რომელი ბუჩქიდან გამოძვრება იარაღმომარჯვებული რუსი სამხედრო და მის მიერვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გადაგიყვანს. 

სხვილოს ციხიდან იმ ქედამდე, რომელიზეც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შედეგად რუსების მიერ გავლებული პირობითი საზღვარი გადის, დაახლოებით 3-4 კილომეტრია. ქედის აქეთ არსებული ტყის მასივი ამ დრომდე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიად ითვლებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად. ქვემო ჭალელი ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა ტყვედ სწირედ ამ ტყეში აიყვანეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განხადებას თუ ვენდობით, დამნაშავე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე აღმოჩნდება, რომელმაც გაბედა და საკუთარ სოფელთან ახლოს, ტყეში, სოკოს საკრეფად წავიდა.

ამავე განცხადების თანახმად, გახელაძემ ფაქტობრივად ომი გამოუცხადა რუს მესაზღვრეებს, რომლებიც არარსებულ საზღვარს იცავდნენ და მათი მიმართულებით ათჯერ გაისროლა ორლულიანი თოფით. 

ზაზა გახელაძისთვის “ბოევიკობის” დაბრალება, რუს ოკუპანტებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად დასჭირდათ. საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ მიზანმიმართული გასროლითა და მისი დაჭრით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ  2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმება უხეშად დაარღვია. ამ ფაქტს ამერიკის საელჩოს მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა. 

ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზა გახელაძე ფეხშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დე-ფაქტო რეჟიმის პირობებში მის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება. 

დე-ფაქტო რეჟიმისგან განაჩენს ელოდება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 46 წლის ხვიჩა მღებრიშვილი. ოკუპანტებმა ის 3 ივლისს დააკავეს, თუმცა  დღემდე დაუდგენელია სად და რა ვითარებაში მოხდა მისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა. 

რუსი ოკუპანტები საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას და მერე ვითომდა დაჯარიმებას, რომელიც რეალურად მათი ოჯახებისთვის ფულის გამოძალვაა, ბოლო პერიოდში აღარ სჯერდებიან. ისინი  დაკავებულებს ისეთ აბსურდულ ისტორიებს უგონებენ, რომ ნორმალურ ადამიანს მხოლოდ სიმწრით გაგეცინება. 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის “კა-გე-ბეს” მიერ გაავრცელებული ხვიჩა მღებრიშვილის დაკითხვის ამსახველი,  ბევრჯერ დაჭრილი და დამონტაჟებული ვიდეომასალა, სხვა არაფერია, გარდა უსუსური მცდელობისა, ღამურებში დოლარების გადახდა კორონავირუსს დაუკავშირონ და როგორმე დაადანაშაულონ  საქართველო და აქ არსებული ლუგარის ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში. 

ამჟამად დე-ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გენადი ბესტაევი, რომელიც  ოკუპანტებმა გასულ წელს საკუთარი  სახლიდან წაიყვანეს. სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი არამხოლოდ საოკუპაციო საზღვრის კვეთის გამო, არამედ მარიხუანას შენახვისთვისაც გაასამართლეს.  

ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობის, “ძალა ერთობაშიას” წევრებმა საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს წერილით მიმართეს და მოითხოვეს ინფორმაცია იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ  2020 წლის 1 იანვრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა დე-ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს, თუმცა ინფორმაცია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე მხოლოდ შვიდ შემთხვევაში გასაჯაროვდა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმემ ცხადყო, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის საკითხში საზოგადოების კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია. კონკრეტული ადამიანის ირგვლივ გასაერთიანებლად კი, როგორც წესი, ჯერ ზოგად პრინციპებზე შეთანხმებაა აუცილებელი. 

საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებების სიმრავლე და მათთვის წარდგენილი ბრალდებების ცინიკურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ არჩეული რუსეთის არგაღიაზიანების პოლიტიკა კრახს განიცდის. შედეგიც  სახეზეა: ყველა, ვინც საოკუპაციო საზღვრის სიახლოვეს ცხოვრობს, სწორედ ამ მწყემსის მსგავსად ფიქრობს და განიცდის.

ავტორები: გიორგი გვიშიანი, გელა ყაველაშვილი, ნოდარ ჭადაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი