აზერბაიჯანული პრო სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az ამტკიცებს, რომ ფოტოები საქართველოში, ფოთშია გადაღებული. მედიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიიდან იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ახლა სომხეთში იმყოფება. საქართველომ კი უკანონო ტვირთის გადასაზიდად დერეფანი გაუხსნა.
ფოტომასალა ოფიციალური თბილისის იმ განცხადების პასუხია, სადაც საქართველოს საგარეო უწყებამ haqqin.az ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უკანონო საბრძოლო ტექნიკის საქართველოში ჩამოტანა იარაღით მოვაჭრე ცნობილმა კრიმინალმა სლობოდან ტესიჩმა უზრუნველყო. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ტესიჩს დომბასის რეგიონში იარაღით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. მან მაშინ უკანონო იარაღი ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერებს მიჰყიდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იარაღის ბარონთან ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო და მისი შვილიც თანამშრომლობდნენ.
ტესიჩი შეერთებული შტატების მიერ უკვე წლებია სანქცირებულია და მასზე მაგნეტსკის აქტი ვრცელდება, მანამდე კი ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებების გამო, 10 წელი გაეროს მიერ იყო სანქცირებული და ინტერპოლი ეძებდა.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ტესიჩს იარაღის გადაზიდვაში ქართული კომპანია "ოქტოპუსი" დაეხმარა.
საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში რეგისტრირებული, ვაჟა ხარაიშვილის ფირმის იურიდიული მისამართი თბილისშია. კომპანიის წარმომადგენლებმა საუბარი არ ისურვეს და "მთავარი არხის" კამერის გამოჩენისთანავე ოფისი დაკეტეს.
იმ ქვეყნის გავლენიანი მედიასაშუალება, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, წერს რომ საქონლის გადმოტანა სერბეთის ქალაქ ნიშიდან დსთ-ს ერთ ერთი ქვეყნის საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდავის საშუალებით მოხდა.
რომელია ეს ქვეყანა, გამოცემა არ აკონკრეტებს, თუმცა საერთაშორისოდ არის აღიარებული რომ სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთი ეხმარება.
ჩნდება კითხვა - როგორ დაუშვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმ პირის მიერ საქართველოში უკანონო იარაღის შემოტანა, ვინც შეერთებული შტატების კონგრესის სანქციების ქვეშ იმყოფება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ამ ფაქტის ნამდვილობა დადასტურდა, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს და ქვეყანას უკანონო დერეფნად აქცევს.
აზერბაიჯანული მედიის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. ქართული ოცნება კვლავ ოპონენტებს ადანაშაულებს დეზინფორმაციის გავრცელებაში და გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიაზე იარაღიანი კოლონის გადაადგილებას, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს იარაღს აწვდის.
პასუხზე პასუხი დავით ზალკალიანის უწყებამ უკვე მიიღო, თან მტკიცებულებებით. ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება დიდ სკანდალშია, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ახალი განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.