ირაკლი კობახიძე Credit Suisse-ს ყაჩაღობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი რეპუტაცია გაცამტვერებულია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეხმაურება დღეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაკვეთილი სტატიების გამოქვეყნებას, სადაც ოლიგარქი თავს ზეწოლის მსხვერპლად წარმოაჩენს. კობახიძე ამბობს, რომ შვეიცარულ ბანკს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს:
„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება Credit Suisse- ში ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე, საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს. მთავარია, აქ თუ რა არის მოტივი. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, ის, რომ რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს - ვერავინ აიძულებს მას გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“,[IPN] - განაცხადა კობახიძემ.