ქართველი არ იგულისხმება, საუბარია უკრაინაზე... არწმუნებდნენ ოქტომბრამდე ჩამოსულიყო, რომ ზელენსკისთან არ ყოფილიყო - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ გერმანულ გამოცემა Spiegel-თან მიხემულ ინტერვიუში რუს აგენტებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს გულისხმობს და არა ქართველებს.

გიული ალასანიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში უნდა ჩამოსულიყო. ალასანია ამბობს, რომ ეს კრემლის დაგეგმილი იყო და მიზნად ისახავდა, ომის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გვერდში არ ყოფილიყო.

"Spiegel-მა დაწერა საკმაოდ ვრცლად და ეს მეტყველებს დასავლურ საზოგადოებაში და საერთოდ მსოფლიოში ძალიან დიდ ინტერესზე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სპეკულაცია საზოგადოებაში, ვინ იგულისხმება, როგორ იგულისხმება, რა იგულისხმება, არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება, საუბარია უკრაინაზე. ახლა არის გავრცელებული ტერმინი რუსეთში, რაც ნიშნავს საინფორმაციო ფსიქოლოგიურ სპეცოპერაციას და ჩემი შვილის შემთხვევაში რა იყო იცით?, რომ მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ, ეს აეროპორტი იქნებოდა, თუ კაფე, თუ ქუჩა, მიდიოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა, სასწრაფოდ აუცილებელია და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ ოქტომბრამდე და რატომ - იმიტომ რომ მზადდებოდა ეს ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას მიაღწია კრემლმა და ჰყავს ახლა აქ გამოკეტილი წელიწადი და 4 თვეა, ფაქტობრივად კლავენ, კრემლი აკეთებს ამას, ეს არის კრემლის სპეცოპერაცია, რომელსაც სამწუხაროდ, აკეთებენ ქართული ხელისუფლების ხელით", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, Spiegel-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ "ვინც 2021 წლის ოქტომბერში მისი საქართველოში დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის შემოგზავნილი აგენტი იყო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი