ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა. ანაგრიშში წერია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა.
გარდა ამისა დოკუმენტში აღნუშნულია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.
"გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მეტიც, წარსულში წლების მანძილზე მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას.
გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
"გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან. მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.
მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება: გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა; ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი; აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები; კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. გადაუდებელ აუცილებლობად გვესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიცირება და მიღება; პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა..
ექსპერტთა მიერ პირველი რიგის ამოცანად დასახელებული იქნა მაღალი ტენიანობის პრობლემის მოგვარება და ტაძრის ინტერიერის ხანგრძლივი და თანაბარი გამოშრობა, მოხატულობის მუდმივი მონიტორინგის თანხლებით და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გადაუდებელი ჩარევების განხორციელება. სრულიად მკაფიოდ იქნა გაცემული რეკომენდაცია მოხატულობის სრული კონსერვაციის შესაძლებლობის შესახებ მხოლოდ ტაძრის სრული გამოშრობის შემდეგ."- წერია ანგარიშში.
ცნობისთვის, ცენტრმა ანგარიში მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვის საპასუხოდ მოამზადა.