მას შემდეგ რაც ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა გელათის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, ორგანიზაციაში აუდიტის სამსახური შევიდა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, შესაძლებელია სწორედ ამ დასკვნას უკავშირდებოდეს კვლევით ცენტრში ფინანსური აუდიტის შესვლა.
ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა, გელათის ტაძრის რესტავრაციის შესახებ კვლევა საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით მოამზადა. დასკვნაში კულტურის სამინისტროს მიერ დაკვეთილი რესტავრაციები კრიტიკულად არის შეფასებული, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძართან დაკავშირებული პრობლემები, რეაბილიტაციის მიუხედავად, ამ დრომდე მოუგვარებელია.
გელათის შესახებ დასკვნას საგანგაშოდ აფასებენ ოპოზიციურ პარტიებში.
პარტია "ლელოს" ლიდერები ანა ნაცვლიშვილი და მედეა მეტრეველი ამბობენ, რომ კრიტიკულ დასკვნაზე პასუხისმგებლობა თავად კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უნდა აიღოს და შეიმუშავოს კონკრეტული გეგმა, რათა გელათი გადარჩეს.