
"შეიძლება გარკვეულ ჯგუფებს ამის გამოყენება პოლიტიკური მიზნით უნდათ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის და არ შეიძლება რომ პოლიტიკა დაუკავშირდეს იმ ძეგლს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია", - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე ჩუბინიშვილის კვლევითი ცენტრის კრიტიკულ დასკვნას გელათის ტაძრის რესტავრაციის შესახებ.
ზვიადაძის შეფასებით, ცენტრის დასკვნა შესაძლებელია არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას.
"კვლევა ჩაატარა ერთმა გარკვეულმა ჯგუფმა და შეიძლება ამ ჯგუფის კვლევა არ ასახავდეს რეალურ მდგომარეობას. მე ამ კვლევას არ ვიცნობ და ამის გამო მოგახსენებთ, რომ აუცილებელია ჩვენ შევისწავლოთ ეს კვლევა და გარკვეული მსჯელობის შედეგად ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ", - ამბობს გიორგი ზვიადაძე.
შეგახსენებთ, რომ ჩუბინაშვილის კვლევითმა ცენტრმა, გელათის ტაძრის რესტავრაციის შესახებ კვლევა საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით მოამზადა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ დაკვეთილი რესტავრაციის მიუხედავად, გელათის ტაძარში სავალალო მდგომარეობაა.