აუდიტის სამსახური ქარელის მერიაშია - ზაზა გულიაშვილის უწყების საქმიანობას უკვე სწავლობენ და შესაბამისი დოკუმენტაციაც გატანილია. ქარელის მერი, რომელიც საზოგადოებისთვის საკუთარი ამომრჩევლისთვის დედის გინებით გახდა ცნობილი, ახლა “მთავარი არხის” კამერას ემალება და კითხვებს გაურბის.
ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ზაზა გულიაშვილი მერობის პერიოდში ძალიან გამდიდრდა და ამას კორუფციულ გარიგებებს უკავშირებენ .
სამოქალაქო აქტივისტის ანა ბალიაშვილის მტკიცებით, გულიაშვილთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებს უპირობოდ იგებენ. ბალიასვილისვე თქმით, ქარელის მერი უამრავ უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და გამორიცხული არ არის, რომ აუდიტის სამსახურის შესვლა მერიაში სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლები კი ამტკიცებენ, რომ აუდიტის შემოწმება გეგმიურია, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, გეგმიური აუდიტი ქარელის მერიაში აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებს კი სახელმწიფო უწყების შემოწმების ობიექტურობის არ სჯერათ. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ბადრი ბასიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის სახსრებით ხდება რუსული კომპანიების ინტერესების გაძლიერება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გულიაშვილმა ქარელის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირი სიტყვებით აგინა დედა. მასვე უკავშირდება სოფელ რუისის სპორტული მოედნის ტერიტორიის რუსულ კომპანიაზე გასხვისება.