
დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები მალე გადავლენ კონკრეტულ აღსრულებით ნაბიჯებზე, მიხეილ სააკაშვილის მწამებლების წინააღმდეგ - აცხადებს ენმ-ს წევრი, გიორგი ჩალაძე ბრიუსელში, ხვალ დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით, რომელზეც ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმსჯელებენ.
ჩალაძე ამბობს, რომ ხვალინდელ დებატებს აუცილებლად მოჰყვება, კონკრეტული პოლიტიკური აქტის მიღება:
"ხვალ, ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები ,,სახალხო პარტიიდან’’, აპირებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგანგებო დებატების გამართვას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესებასთან დაკავშირებით.
ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, მასალებსა და ფაქტებს აქტიურ რეჟიმში ვაწვდიდით ევროპარლამენტარებს, მათ შორის, ბოლო თვეებში განხორციელებული საქმიანი ვიზიტების ფარგლებში. ჩვენ, ასევე მივაწოდეთ პარტნიორებს ინფორმაცია, ბოლო დღეების ცნობების შესახებაც, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის გადაუდებლობაზე და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საქმის მასალების გაყალბების მცდელობაზე. ევროკავშირი და მთლიანად დასავლური სამყარო, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ტყვეობის საკითხს, მიიჩნევს გადამწყვეტად ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ევროპარლამენტში, ხვალინდელ დებატებს აუცილებლად მოჰყვება, კონკრეტული პოლიტიკური აქტის მიღება ჩვენი კოლეგების მხრიდან. დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები. მალე გადავლენ კონკრეტულ აღსრულებით ნაბიჯებზე, მიხეილ სააკაშვილის მწამებლების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის გადარჩენასა და გადაუდებელ ჰუმანიტარულ ტრანსფერს, დასავლეთი აღიქვამს, როგორც ქართული დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ მექანიზმს.
ჩვენ, ვაგრძელებთ პარტნიორებთან კომუნიკაციას და სასამართლოს მიერ სასიკვდილო განაჩენის მიღების შემთხვევაში, მზად ვართ გადავიდეთ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე." ამბობს ჩალაძე.
ევროპარლამენტში დებატების გამართვის ინიციატივით მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ფოტოების გავრცელების შემდეგ, ევროდეპუტატი ანა ფოტიგა გამოვიდა. მის ინიციატივას კოლეგებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს.