ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ ლოზუნგით მოძრაობა "შეცვალე" და ორგანიზაცია "დემოკრატიული მომავლისთვის" დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს.
აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!
ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.
დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები ! - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტეყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ, 21 ივლისს კი, თბილისის ზღვაზე, 2 არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამსახური და მყვინთავები ზღვაში შესულ ბავშვებს 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისის ზღვაზე არ არიან დარაჯები ან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი აბრები, შესაბამისად ტერიტორია მეტ წილად დაუცველია.
ასევე გასულ კვირას, 19 ივლისს, ქუთაისში 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვნეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა, პასუხი არავინ გასცათ. საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის 2 დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
უკვე 1 თვეზე მეტია კი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, დღემდე იკითხებიან საქმის სხვა და სხვა ფიგურანტები.