
პრემიერმინისტრის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს პარტია "ლელო" საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო განცხადებაზე ისაუბრა.
"ჩვენი მოთხოვნაა, ბატონი აბაშიძის დაბარება მოხდეს სასწრაფოდ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე საქართველოს პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია - რა ახალ პროექტებზეა საუბარი? რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება?" ,- ამბობს სამადაშვილი.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით მიზანმიმართულად შლის მნიშვნელოვან პროექტებს საქართველოსა და დასავლეთისთვის, ამავდროულად კი ახორციელებს პუტინის რეჟიმისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.
"რუსეთი სანქციების რეჟიმის ქვეშაა დღეს. სანქციების თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათი მოკავშირეა საქართველოს ხელისუფლება, როგორც იკვეთება ამ ჩანაწერიდან. ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს. ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმსა და ბიძინა ივანიშვილს, ცხადია, აბაშიძეს არავინ არანაირ გადაწყვეტილებას არ ეკითხება",- აღნიშნა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, იუითუბ არხ "კიბერ კმარაზე" ვრცელდება გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი, სათაურით - "საიდუმლო რუსულ-ქართული კავშირი" .
ჩანაწერის მიხედვითა, კარასინი აბაშიძეს სთხოვს, გაზრდილი ტვირთბრუნვების გამო, დაამატონ ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა უხერხულია ახალ გზაზე საუბარი და რომ ყაზბეგი- ლარსის თანამედროვე ავტობანი ისედაც შენდება. საუბარია ხადას ხეობაში მიმდინარე მშენებლობაზე.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ "კიბერ კმარას" მიერ გავრცელებული ჩანაწერი რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინთან მართლაც შედგა. აბაშიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში თქვა, რომ ამ ჩანაწერში სკანდალური არაფერია და ის გასული წლის ივნისში შედგა.
იხილეთ: