ავთენტურია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი - აბაშიძე კარასინთან საუბრის ჩანაწერზე

გამოქვეყნდა:

რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ "კიბერ კმარას" მიერ გავრცელებული ჩანაწერი რუსეთის წარმომადგენელ, გრიგორი კარასინთან მართლაც შედგა. აბაშიძემ "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხა, თუმცა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში თქვა, რომ ამ ჩანაწერში სკანდალური არაფერია და ის გასული წლის ივნისში შედგა.

მისივე მტკიცებით, საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილი რთული ვითარება იყო.

აბაშიძე პირველ არხთან ამბობს, რომ საუბარი გასული წლის  21 ან 20 ივნისს შედგა. მისივე თქმით, "პრაღის ფორმატი" სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით.

"ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", - თქვა აბაშიძემ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი