მმართველი გუნდის ოპონენტები ბოლო დროს მომხდარ გამოუძიებელ საქმეებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში დანაშაულის ზრდა ოლიგარქიული მმართველობის შედეგია. ოპოზიციის აზრით, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტიკური პოლიცია, რომელსაც ხალხის უსაფრთხოება ნაკლებად ადარდებს.
ფაქტიურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია "ქართული ოცნების" დანაყოფად გადააქცია ივანიშვილმა და მისმა პარტიამ. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კრიმინალური სამყარო არის "ქართული ოცნების" ნაწილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად გადაკეთდა პატრიულ დანაყოფად და ეს ერთობლიობაში გვაძლევს იმ მოცემულობას, რასაც ყველა ვადევნებთ თვალს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე კი აღნიშნავს, რომ პოლიციის ერთადერთი მოტივაცია ოლიგარქის უსაფრთხოება და მისი ხელისუფლების გახანგრძლივებაა.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც პოლიციაში შექმნა განუკითხაობა, ქვეყანაში არის ტოტალური დაუცველობის განცდა და უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ, - განმარტავს კახიძე.
მმართველი პარტია, საპასუხოდ, ისევ წინა ხელისუფლების 9-წლიან მოღვაწეობას იხსენებს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არის საქმეები, რომელთა პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არ შეიძლება.
ამ განცხადებების მიზანი არის ის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სადისტური მმართველობა თითქოსდა არის კრიმინოგენული ვითარების ერთადერთი წამალი... არაერთი ათეული მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, - ამბობს ვოლსკი.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კი ოპოზიციას კრიმინალურს უწოდებს და ამბობს, რომ ოპონენტები ნებისმიერ საქმეს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ.