სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში - ასეთ კომენტარს აკეთებს, თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის გაჭიანურების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი.
მისი თქმით, უნამუსო ტყუილია, რომ ძებნის დროს პოლიციამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა. ვოლსკი ასევე ამტკიცებს, რომ "ამ საქმესაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ".
უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ოპოზიციის მიზანია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენული ვითარებაა, თუმცა, მისი თქმით, სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს.
არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, - განაცხადა მან.
გია ვოლსკის თქმით, "ქართულ ოცნებას" არაერთხელ უთქვამს, რომ არის საქმეები, რომელთა გამოყენებაც პოლიტიკური მიზნით არ შეიძლება. "ბუტა რობაქიძის საქმის გაპოლიტიკურებაც, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესია." - ამბობს ის.