ადამიანის მკვლელობა რადიკალური ნაბიჯია, გადავდივართ ბოიკოტში - "სტრატეგია აღმაშენებელი" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით",  - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანჯგალაძემ განმარტა ის მიზეზები, რატომაც პარტიამ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო:

"მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო მესამე პრეზიდენტი სააკაშვილის მკვლელობის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ პატიმრობაში ნიშნავს წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, არ შეიძლება, ამას გულზე ხელდაკრეფილი შევეგუოთ. ჩვენთვის ეს იძულებითი ნაბიჯია, ჩვენთვის დღესაც მთავარია ევროპაში ინტეგრაცია, 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ ქართული ოცნება არ ტოვებს თანამშრომლობის არანაირი სივრცეს და თუ ვინმე რადიკალია, რადიკალია ქართული ოცნება, რადგან კლავენ ადამიანს. ადამიანის მკვლელობა არის რადიკალური ნაბიჯი.

დღეს ნახავთ ქართული ოცნების ლიდერებს კმაყოფილი სახეებით, გაუხარდებათ, რომ აქ არ იქნება ოპოზიცია, მაგრამ გავა რამდენიმე თვე და ეს შეიცვლება და გახარებული იქნება ხალხი, რადგან ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. რაც შეეხება საპარლამენტო საქმიანობას, ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თუ სამწუხაროდ, ასეთი შეთანხმება არ იქნება, სტრატეგია აღმაშენებელი უფლებას იტოვებს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ქართულ ოცნებასთან წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ ვართ მომხრე ერთიანი ოპოზიციური ფრონტის, რაც შეეხება მანდატების საკითხს, ეს დროის ამბავია და უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დათმობებზე" - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მანამდე განცხადება გააკეთეს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიხეილს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე, სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი