ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია.
ამის შესახებ კუბილიუსმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა. კუბილიუსის თქმით, მიუღებელია, რომ ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებს, შემდეგ კი მის მკვლელობას შესაძლებელს ხდის.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არასასიამოვნოდ გაკვირვებული ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით და არ ვიცით, რა არგუმენტით არ გაითვალისწინა მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობა. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, იმიტომ რომ როგორც ვხედავ, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სწრაფად უარესდება. მთავრობის პოზიცია ამ სიტუაციაში ძალიან არასწორია და ჩვენ არ გვესმის, რატომ იქცევა მთავრობა ასე. მომავალ კვირას ევროპარლამენტი განიხილავს საგანგებო რეზოლუციას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და საინტერესო დამთხვევაა, რომ ასევე იქნება განხილული რეზოლუცია ალექსეი ნავალნის საქმეზე. ძალიან საინტერესოა, როცა ერთსა და იმავე კვირას განიხილება ორი პოლიტიკური პატიმრის საქმე. ჩვენ ვიცით, როგორ ექცევა პუტინი ალექსეი ნავალნის და ასევე ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ანალოგიურ სიტუაციაშია, არა მხოლოდ ის არამედ მთელი საქართველო.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას სწორი ნაბიჯები, ჰუმანიტარული ნაბიჯები და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოიწვიოს ევროკავშირიდან კვალიფიციური მედიკოსთა ჯგუფი, რისი გაკეთება რთული არაა, რათა ამ ჯგუფმა დადოს კვალიფიციური დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში სვამენ და შემდეგ, შესაძლებელს ხდიან, რომ ის მოკვდეს, მხოლოდ იმიტომ რომ მთავრობა მას არ უქმნის შესაბამის პირობებს, ამიტომ ასეთი შესაძლებლობის განხილვაც კი არ მსურს", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი 6 თებერვალს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
იხილეთ ასევე: