დაკავებული ბადრი ესებუა ქუთაისში, მე-2 საპატიმროში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

დაკავებული ბადრი ესებუა ქუთაისში, მე-2 საპატიმროში გადაიყვანეს. უწყებებს დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა დაადასტურეს, რომ ესებუა სასჯელახსრულების დაწესებულებაში, სამარტოო საკანში მოათავსეს. 

ადვოკატი ჯერ ქუთაისში არ ჩასულა. ის დაკავებულს, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შეხვდება.

როგორც "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ესებუა გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. 

შსს-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ესებუა სამეგრელოში აიყვანეს. მისი დაკავების დროს ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა.  რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი