საკუთარ ბედს "ოცნება" პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას - ვაშაძე კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "საკუთარ ბედს, ქართული ოცნება პირდაპირ უკავშირებს რუსეთის გამარჯვებას".

ვაშაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, 24 თებერვალს მივიდინენ აქციაზე და მთელ მსოფლიოს აჩვენონ, სად დგას ქართველი ხალხი.

"პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კობახიძე, საკუთარი განცხადებით ცდილობს ღალატის და ლაჩრობის გამართლებას, რომელსაც აქვს ადგილი მათი მხრიდან, რომ დაამკვიდროს მარცხისთვის განწირული უძლეველობის მითი, შეცვალოს რეალობა და იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც კი არ ამბობენ, რომ თითქოს რუსეთს აქვს დიდი წარმატება ამ ომში", - თქვა ვაშაძემ.

მისი განცხადებით, სიმართლე ისაა, რომ უკრაინამ 52%-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო, გაათავისუფლა. ვაშაძემ ბრიფინგზე ის ოლქები ჩამოთვალა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაიპყრო და ახლა თავისუფალია. ვაშაძემ კობახიძეს შეახსენა რუსეთის მიერ, ომში დაკარგული ჯარისკაცების რაოდენობაც. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს". იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი "გაცილებით წინ არის წაწეული", რასაც მან სამწუხარო რეალობა უწოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი